თინა ბოკუჩავა - დიახ, დეპუტატ ფატი ხალვაშს არ ვთვლი პასუხის ღირსად [ვიდეო]

დეპუტატ ფატი ხალვაშს არ ვთვლი პასუხის ღირსად, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს პარლამენტში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავენ.

ფატი ხალვაშმა პარლამენტში საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ბოკუჩავას მიმართა, რა უფლებით საუბრობდა სამართლიანობაზე.

„თქვენ, იმ წლების მომწყობ ადამიანებს, უფლება არ გაქვთ, პარლამენტში იყოთ, სამართლიანობაზე საუბარი თქვენი მხრიდან საერთოდ მიუღებელია. ჩემი ოჯახის მიმართ რა პროცესების განვითარებასაც ჰქონდა ადგილი, ყველასთვის ცნობილია. ჩემმა ოჯახმა ყველანაირი ზიანი მიიღო, ადამიანის გარდაცვალების გარდა. ჩემს ძმას ჩემი შვილით აშანტაჟებდნენ და ატერორებდნენ“, – განაცხადა ფატი ხალვაშმა.

სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა თინა ბოკუჩავას მიმართა, ეპასუხა ფატი ხალვაშისთვის, რაზეც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა განაცხადა, რომ „არ თვლის პასუხის ღირსად“.

ანრი ოხანაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, როდესაც ადამიანებს პასუხის ღირსებადაც არ თვლიან.

„როგორ მოიქცევით ქუჩაში, ყველაფერზე წამსვლელები ხართ“, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა თინა ბოკუჩავას, რაზეც თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მას უპასუხა: „მელიას დაპატიმრებას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ვინც დააჭერს თითს, ნამდვილად არ ვთვლი პასუხის ღირსად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.