თინა ბოკუჩავა - დღითიდღე ვრწმუნდები, სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად იმპიჩმენტით დაასრულებს
თინა ბოკუჩავა - დღითიდღე ვრწმუნდები, სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად იმპიჩმენტით დაასრულებს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა ამერიკულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რუსული პროპაგანდის ტირაჟირებას უწოდებს.

„ეს არის ერთი ერთში პუტინის ნარატივის გამეორება, რასაც ის უკვე პრეზიდენტის რანგში აკეთებს. ეს პირდაპირ რუსული პროპაგანდის ტირაჟირებაა. საქართველოსთვის ომის დაწყების დაბრალებასთან ერთად ეს ყველაზე სკანდალური განცხადებაა, რაც კი გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელდასმულ პრეზიდენტს.

დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ეს ქალი აუცილებლად იმპიჩმენტით დაასრულებს. თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, რომ იმპიჩმენტამდე მან ასეთი განცხადებებით ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კითხვას, საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებასთან დაკავშირებით, ასე უპასუხა: „არ მგონია, ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“.