თინა ბოკუჩავა - დღევანდელი განაჩენი არ არის პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, ეს განაჩენი არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ, რომელიც ცხადყოფს, რომ მათი მტერი ქართული სახელმწიფოა
თინა ბოკუჩავა - დღევანდელი განაჩენი არ არის პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, ეს განაჩენი არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ, რომელიც ცხადყოფს, რომ მათი მტერი ქართული სახელმწიფოა

დღევანდელი განაჩენი არ არის პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, ეს განაჩენი არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ, რომელიც ცხადყოფს, რომ მათი მტერი არის ქართული სახელმწიფო და ქართული სახელმწიფოს იდეა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, პროკურორები „დაგეშილები ეძებდნენ ფაქტებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხები მიითვისა“, მაგრამ ამის ვერცერთი მტკიცებულება მათ ვერ იპოვეს 11 წლის განმავლობაში.

„ბოლოს გამოაცხადეს, რომ ეს თანხები გაიფლანგა, ანუ არამიზნობრივად გაიხარჯა. რუსი ივანიშვილისთვის, რა თქმა უნდა, არამიზნობრივად დაიხარჯა თანხები დონალდ ტრამპის, ჰილარი კლინტონის, ჯო ბაიდენის მასპინძლობისთვის და უამრავი სხვა მსოფლიო ლიდერის მასპინძლობისთვის. დღევანდელი განაჩენი არ არის პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, ეს განაჩენი არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ, რომელიც ცხადყოფს, რომ მათი მტერი არის ქართული სახელმწიფო და ქართული სახელმწიფოს იდეა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ამ განაჩენით ვერავის შეაშინებენ, ვერავის გააჩერებენ და, პირიქით, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, მათ შორის იმ ათეულობით პატიმართან ერთად, რომლებიც დაიჭირა რუსულმა რეჟიმმა, ვიდრე ქართული სახელმწიფოს იდეა რეალიზდება და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს ბრძოლას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.