თინა ბოკუჩავა - დღეს მე დავინახე მიშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს
თინა ბოკუჩავა - დღეს მე დავინახე მიშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა რუსთავში სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი ელოდება გამარჯვებას.

„დღეს მე დავინახე მიშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს, დღეს მე დავინახე მიშა, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნავს. არა საკუთარ თავზე, არა პრივილეგიაზე, თანამდებობაზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ქვეყანაზე. დღეს ვარ დარწმუნებული, რომ აუცილებლდ გავიმარჯვებთ, პრეზიდენტი სააკაშვილი ელოდება ამ გამარჯვებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, როგორც თინა ბოკუჩავა ამბობს, მან სააკაშვილს გააცნო თავისი მოსაზრება, რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი, თუმცა ბოკუჩავას ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობას მაინც განაგრძობს.

„შიმშილობასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მე ვეცადე, მომეხსენებინა ჩემი მოკრძალებულო აზრი, რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი. მიუხედავად იმისა, რომ თავს თვლის პოლიტიკურ პატიმრად და არის პოლიტიკური პატიმარი, ბრალი და მსჯავრი არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივით წარდგენილი, თუმცა მისი გადაწყვეტილებაა, გააგრძელოს შიმშილობა.

პრეზიდენტი სააკაშვილის ელოდებოდა, რომ დააკავებდნენ, მას სრულად ჰქონდა გაცნობიერებულო ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ჩათვალა, რომ ახლა ასეთი თავგანწირვა საჭირო იყო იმ საბოლოო გამარჯვებისთვის, რომელიც ერთად უნდა მოვიპოვოთ. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის გადარჩენის ბრძოლა. რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო ამ ბრძოლაში, იქნებოდა პირადად ჩართული საკუთარ სამშობლოში. მან თქვა, რომ ის შემოვიდა ქვეყანაში ყველა წესის და პროცედურის დაცვით, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარს არ თვლის მიზანშეწონილად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დატოვე კომენტარი