თინა ბოკუჩავა - დესტაბილიზაციას იწვევს ხელისუფლება, რომელიც ყოველთვის ცდილობს, ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით, უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანოს ქვეყანა
თინა ბოკუჩავა - დესტაბილიზაციას იწვევს ხელისუფლება, რომელიც ყოველთვის ცდილობს, ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით, უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანოს ქვეყანა

სრული აბსურდი და იმბეცილობაა იმის ძახილი, რომ შესაძლოა ამა თუ იმ სახელმწიფომ, რაოდენ მტრულადაც უნდა იყოს განწყობილი, ერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტის განცხადების გამო, დაიწყოს საომარი მოქმედებები ან ამას მოჰყვეს დესტაბილიზაცია. დესტაბილიზაციას იწვევს ხელისუფლება, რომელიც ვერ მართავს კრიზისებს და ნაცვლად სახელმწიფოებრივი პოზიციებისა, ყოველთვის ცდილობს, ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით, უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანოს ჩვენი ქვეყანა“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-თან ძალადობრივი ჯგუფების მობილიზება მოახდინა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ტიპის ძალადობრივ ჯგუფებს იყენებს ხელისუფლება, მათ შორის „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ზოგადად ანტიდასავლური საკითხების გასატანად“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ირაკლი კობახიძის ადგილას, სიმართლე გითხრათ, საერთოდ მოვერიდებოდი საჯარო განცხადებებს, როდესაც ასეთი უზარმაზარი პასუხისმგებლობა მადევს მხრებზე. სწორედ მისმა გადაწყვეტილებამ, დროულად რომ არ წავიდა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან, გაამწვავა სიტუაცია“, – განაცხადა ბოკუჩავამ.