თინა ბოკუჩავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი პაველ ჰერჩინსკის ხვდებიან
თინა ბოკუჩავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი პაველ ჰერჩინსკის ხვდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოში ევროკავშირს ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან ევროკავშირის საელჩოში შეხვედრას მართავენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს თინა ბოკუჩავამ განუცხადა, ელჩთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხს განიხილავენ, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის დაკავების თემას.

„ზურა ჯაფარიძის პატიმრობამ, დარწმუნებული ვარ, შეძრა ყველა ნორმალური ადამიანი, როდესაც სრულიად უდანაშაულო ადამიანი, სამი შვილის მამა, მძიმედ ავადმყოფი დედის შვილი, წულუკიანის განკარგულებით დააკავეს. სრულიად უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც ერთი დღეც არ გაუტარებია ხელისუფლებაში. ამიტომ ზურა ჯაფარიძის დაკავება უმთავრესი საკითხი იქნება და, ზოგადად, ის პოლიტიკური რეპრესიები, რომელსაც აანონსებს და აპირებს ივანიშვილის რეჟიმი. ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი საკითხი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მოგეხსენებათ, ევროკავშირის საგარეო უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გამოაცხადა, რომ სანქციები იხსნება ევროკავშირის მხრიდან სირიაზე, რომელიც იყო დაკისრებული წლების მანძილზე, იგივე თქვა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩთან ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება სირიის ხელისუფლების მხრიდან ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან გაწვევის საკითხი.

„ჩვენ ამ საკითხზე ვესაუბრეთ აშშ-ში საქართველოს მეგობრებს, მათ შორის, ჯო უილსონს, რომელიც ასევე ესაუბრა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს. ასე რომ, ეს საკითხი, სირიის მხრიდან ჩვენი ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღება, უკან გაწვევა, რაც არის სამართლებრივი აქტი და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ასევე იქნება განხილვის ერთ-ერთი უმთავრესი თემა. ემოციურად, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე დღეა ყველასთვის, მაგრამ ჩვენი ვალია, როგორც პოლიტიკოსების, ასეთი მძიმე ემოციური ფონის დროსაც კი ვფოკუსირდეთ და ვკონცენტრირდეთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. ამას სწირავენ ადამიანები საკუთარ თავისუფლებას, მათ შორის, ზურაც. ამიტომ ევროკავშირის ელჩთან ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება სწორედ სირიის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან გაწვევის საკითხი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.