თინა ბოკუჩავა - ჩვენ ვთმობთ თბილისში რვიდან ექვს ოლქს, რათა შენარჩუნდეს ოპოზიციური ერთობა
თინა ბოკუჩავა - ჩვენ ვთმობთ თბილისში რვიდან ექვს ოლქს, რათა შენარჩუნდეს ოპოზიციური ერთობა

ჩვენ ვთმობთ თბილისში რვიდან ექვს ოლქს სწორედ იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ოპოზიციური ერთობა,  – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის.

„ძალიან მკაფიოდ ისაუბრა გუშინ ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე, რომ ჩვენ ვთმობთ თბილისში რვიდან ექვს ოლქს სწორედ იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ოპოზიციური ერთობა, იმისთვის, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტი შენარჩუნდეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი სწორედ ერთობლივი ძალისხმევისა სხვადასხვა მიმართულებით, იქნებოდა სასამართლო რეფორმა, საარჩევნო ცვლილებების მიღწევა, 8 მარტის შეთანხმება, თუ ახლა უკვე ოპოზიციაში მაჟორიტარულ ოლქებში მაქსიმალური კოორდინაცია“, – განაცხადა დეპუტატმა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ამით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ აღნიშნულ საკითხზე საუბრები დასრულებულია.

„ჩვენ ვფიქრობთ, ამით ეს საუბარი, ყოველ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის, არის დასრულებული. უკვე გადავდივართ კამპანიაზე, რაც შეიძლება მალე მივიდეთ საქართველოს რაც შეიძლება მეტ ამომრჩეველთან იმისთვის, რომ ყველას მაქსიმალური ინფორმირება მოვახდინოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების წინ“, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, მათი პარტია თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვს ოლქს თმობს და წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში – სამგორსა და გლდანში დაიწყებს.