თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით არაფერს გამორიცხავს
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით არაფერს გამორიცხავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით არაფერს გამორიცხავს.

ბოკუჩავამ ამ კომენტარით უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ ფიქრობს, ხომ არ არის მოსალოდნელი ნიკა მელიას დაკავება.

ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ იყენებს შესაძლებლობას, შედარებით ნორმალურად გამოვიდეს თავისივე შექმნილი საშინელი მდგომარეობიდან.

„არაფერს გამოვრიცხავთ, რადგან ეს არის ივანიშვილის კონვულსიური ქცევები, რომელიც აგონიაშია და ყოველ დღე უფრო მეტ ნაბიჯს დგამს თვითიზოლაციისკენ. ეს რაზე მიანიშნებს ახლა, იმაზე, რომ შეაშინებენ ნიკა მელიას, გიგი უგულავას, მე ან ნებისმიერ სხვა ადამიანს? არა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილი არ იყენებს შესაძლებლობას, მაინც ასე თუ ისე ნორმალურად გამოვიდეს ამ საშინელი მდგომარეობიდან, რაც მან შექმნა. ის დაასრულებს ისეთი ნაბიჯებით, როგორც დაასრულეს პლახატნიუკმა, იანუკოვიჩმა და სხვა ავტორიტარმა ოლიგარქებმა. ამიტომ უპირველეს ყოვლისა, მისთვის არის საზიანო, თორემ ნებისმიერი ჩვენგანი რამდენიმე თვეს გაატარებს, თუ არ გაატარეს საპყრობილეში, ეს არსებითად არაფერს შეცვლის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი დანაკლისია, როდესაც ჩვენი თანამებრძოლები ჩვენს გვერდზე არ დგანან, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტი შემართებას იწვევს ნებისმიერ ჩვენგანში, უფრო მეტ კონსოლიდაციას და სიმტკიცეს, მათ შორის არა მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, არამედ სრულ ოპოზიციურ სპექტრში. ოპოზიციის ამ კონსოლიდაციას და ერთობას უფრო მეტად ამკვრივებს ივანიშვილი ასეთი თავხედური ნაბიჯებით, ამის ეშინია და ჩემი აზრით, ეს იქნება მისი რეჟიმის დამარცხების ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი“ ,- განაცხადა ბოკუჩავამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა. 

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.