გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიმართა
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიმართა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას ჯარიმა და ორი წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა განესაზღვრა, ზურაბ ადეიშვილს კი პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. სსკ-ის 332-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, რაც სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, მელია დამნაშავედ იქნა ცნობილი და 25 000 ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა, ხოლო 205-ე მუხლში კი გამართლდა (ქონების დამალვა მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით).

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, ადეიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას ხუთი წლითა და სამი თვით პატიმრობა შეეფარდა.

ამასთან, ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლით და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2013 წელს წაუყენეს. ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ხოლო ნიკა მელიას 25 000-ლარიანი გირაო.