თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის წინააღმდეგ ეთიკის საბჭოში საჩივრის შეტანას აპირებს და არც სამართლებრივ დავას გამორიცხავს
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის წინააღმდეგ ეთიკის საბჭოში საჩივრის შეტანას აპირებს და არც სამართლებრივ დავას გამორიცხავს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის წინააღმდეგ ეთიკის საბჭოში საჩივრის შეტანას აპირებს და სამართლებრივ დავასაც არ გამორიცხავს.

თინა ბოკუჩავა აპირებს, იურისტებთან და ქალთა უფლებების დამცველებთან კინსულტაციები გაიაროს, რათა გადაწყვიტოს, რა იქნება ყველაზე მართებული ფორმა შემდეგი სამართლებრივი ნაბიჯებისთვის.

„ეთიკის საბჭოში შევიტან საჩივარს, თუმცა უნდა გამოგიტყდეთ, რომ დიდად იმედიანად არ ვარ განწყობილი, რომ ჯეროვნად მოახდენს ეთიკის საბჭო რეაგირებას, რადგან მასში მყოფმა რამდენიმე წევრმა უკვე გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება და პრაქტიკულად ჩემზე გადმოიტანეს ისრები. პასუხისმგებლობას სრულიად ირიდებენ, იმ ძალადობრივ მოქმედებებზე, რომელიც განახორციელეს ლევან მგალობლიშვილმა და შალვა პაპუაშვილმა, რომლებმაც ქვეყნისთვის სამარცხვინოდ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ იძალადა ქალზე პლენარულ სხდომათა დარბაზში. თუმცა მაინც ვაპირებ ფორმალობისთვის აღნიშნული ინსტრუმენტები გამოვიყენო. ასევე არ გამოვრიცხავ, სხვა სამართლებრივი ზომებიც გამოვიყენო ამ ორი დეპუტატის წინააღმდეგ. შესაბამისი კვალიფიკაციის იურისტებთან და ქალთა უფლებების დამცველებთან კინსულტაციებს გავივლი, რათა გადავწყვიტო, რა იქნება ყველაზე მართებული ფორმა შემდეგი სამართლებრივი ნაბიჯებისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საკანონმდებლო ორგანოში 18 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა პარლამენტში თავმჯდომარის ადგილას მისვლას ცდილობდა, რა დროსაც შალვა პაპუაშვილმა ის სპიკერატიდან ხელით გაიყვანა.