თინა ბოკუჩავა - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შესაძლებლობების ფანჯარა 10 მარტისთვის იხურება
თინა ბოკუჩავა - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შესაძლებლობების ფანჯარა 10 მარტისთვის იხურება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მმართველი გუნდი დიალოგზე აქტიურად საუბრობს, თუმცა ულტიმატუმის ენით.

ბოკუჩავას თქმით, მოლაპრაკებებში ჩართულმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილი კონსენსუსისა და დათმობის მნიშვნელობაში უნდა დაარწმუნონ.

თინა ბოკუჩავას თქმით, შექმნილ ვითარებაში, საერთაშორისო პარტნიორები დათმობას სწორედ ხელისუფლებისგან ელოდებიან.

„მმართველი გუნდი გააქტიურდა დიალოგზე საუბრით, რადგან ესმით, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მათი მხრიდან დათმობა, თუმცა ის ვერ გაითავისეს, რომ არ უნდა ილაპარაკონ ულტიმატუმის ენით,  რეალურად თალაკვაძეებმა და სხვებმა, ვინც ჩართული არიან ამ მოლაპარაკებებში, დაარწმუნონ ივანიშვილი კონსესუსისა და დათმობის მნიშვნელობაში იმიტომ, რომ მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ბუნებრივია, დათმობას სწორედ მათგან ელიან. ამაზე მეტყველებს მათ შორის ომბუდსმენის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ დიდი წილი პასუხისმგებლობისა არის სწორედ ხელისუფლებაზე, ისინი უნდა წამოვიდნენ დათმობაზე და არა ააყირაონ მოლაპარაკების მაგიდა, როგორც ის ივანიშვილმა გააკეთა, დაიჭირა უგულავა და გამოაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკური დევნის გაგრძელებას, რადგან შეუძლებელია ერთი ხელით დაიჭირო ადამიანი, მეორე ხელით კი დაგპატიჟოს მოლაპარაკების მაგიდასთან“ ,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავამ იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რაზეც, მისივე თქმით, პრაქტიკულად სრული ოპოზიციური სპექტრი თანხმდება.

„ეს არის ერთი – პოლიტიკური დევნის შეჩერება და დღეის მდგომარეობით პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. მეორე კომპონენტი კი არის საარჩევნო სისტემა და ამ სისტემაზე დათმობა, რომელიც იქნება სრულად პროპორციული ან პროპორციულთან მიახლოებული. ამ ნაწილში ჩვენ საკმაო მოქნილობა ვაჩვენეთ, ვთქვით, რომ თუ სრულად პროპორციულზე არ მოდის ივანიშვილი, მაშინ შეიძლება გერმანული მოდელი ან გერმანული მოდელი, რომელიც მოდიფიცირებულია და იძლევა საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემუშავებას. ამიტომ ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან სერიოზულ დათმობებზე წავედით, მაგრამ ეს ორი კომპონენტი არის განუყოფელი კომპონენტები, რომელზეც სრული ოპოზიციური სპექტრი თანხმდება“ ,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებთან მმართველი გუნდის მხრიდან ინდივიდუალურ შეხვედრებს, ბოკუჩავა ამბობს, რომ ეს არის ოპოზიციურ ერთობაში ბზარის შეტანის მცდელობა.

„ინდივიდუალურად შეხვედრის მცდელობა არის მხოლოდ ოპოზიციის ერთობაში ბზარის შეტანის მცდელობა, რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ და ივანიშვილის ეს იაფფასიანი ტრიუკები, მისი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, და ამ ყველაფერს ყავლი გაუვიდა, ვერ იმოქმედებს მისთვის პოზიტიურად. ჩვენი პოზიციები არის ძალიან ნათელი და შესაბამისად, ისინი თავად ჩამოყალიბდნენ, არიან თუ არა მზად ამაზე.

რაც შეეხება ვადებს, ამ თვალსაზრისით რეალურად შესაძლებლობების ფანჯარა იხურება მარტის ათისთვის, იმიტომ რომ ეს არის კონსტიტუციურად წინასწარ განსაზღვრული ვადები და მანამდე, ხელისუფლებას ჯერ კიდევ შეუძლია, რომ დადებითად გადაწყვიტოს ეს პროცესი. ხელისუფლებას ვამბობ და რეალურად ივანიშვილს ვგულისხმობ, რადგან ბუნებრივია, მან უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

ივანიშვილის სურვილი იყო, რომ ცალ-ცალკე პარტიების გამოცლით ბზარი შეეტანა ამ ერთობაში, მაგრამ ამას ვერ მიაღწევს, რადგან ყველა პარტიას  ძალიან კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ერთობა, როგორც პოლიტიკური, ისევე შინაგანი და მორალური პრინციპულობის საკითხია, რომ დავრჩეთ ერთიანი ჩვენს პოზიციაზე.

რაც შეეხება მაჟორიტარების საკითხს, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და რა მოდელითაც არ უნდა მოგვიწიოს ჩვენ გასვლა, ოპოზიცია აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ ერთობლივი კანდიდატებით წარვსდგეთ, განსაკუთრებით ვკონცენრტრირდით ამ ეტაპზე თბილისში, მაგრამ იმედი მაქვს, სხვა რეგიონებშიც მოხდება ოპოზიციის კანდიდატებზე შეთანხმების მიღწევა, რაც იქნება ოპოზიციის გამარჯვების გარანტია, რადგან დღევანდელმა კვლევამაც ნათლად აჩვენა, რომ ოპოზიციას ერთობლივი ძალებით აქვს გაცილებით მეტი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, ვიდრე „ქართულ ოცნებას“.

პირველ რიგში ივანიშვილის ინტერესში უნდა იყოს შედეგი, რადგან თუ ის არ მიიღებს ისეთ სისტემას, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიქვამენ, როგორც სამართლიან სისტემას, ის კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევა, უფრო მეტ მწვავე წერილს მიიღებს და არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოო ჯამში სანქციებით დაამთავროს ისევე როგორც დაუმთავრებია არაერთ ავტორიტარს. ასე რომ, პირველ როგში მის ინტერესშია, რომ გამოსავალი მოძებნოს, კონსესუსზე წამოვიდეს და ქვეყანას მისცეს საშუალება, არჩევნები ჩატარდეს სამართლიანი სისტემით“ ,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დატოვე კომენტარი