როლან გაროსის პირველი ნახევარფინალისტი მსოფლიოს მერვე ჩოგანი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი გახდა. მან საათსა და 52 წუთში გაანადგურა ტურნირის მეორე ნომერი და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი – 6:4, 6:2, 6:1.
ზვერევმა მხოლოდ პირველ სეტში მოახერხა თანაბარი ბრძოლა. ამ პარტიაში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ტიმს ჰქონდა, რომელიც ავსტრიელმა გამოიყენა და ამის ხარჯზე მოიგო სეტი.
მომდევნო ორ სეტში კი ტიმს უკვე ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა. მან ჯამში 11 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და 5-ჯერ აიღო ზვერევის მოწოდება. თავად გერმანელმა მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო და ბრეიკამდე ვერ მიაღწია.
სხვათა შორის, ტიმმა რევანში აუღო ზვერევს წინა თვეში, მადრიდის “მასტერსის” ფინალში მარცხისთვის. იმ ტურნირზე, ავსტრიელმა რაფაელ ნადალის დამარცხება შეძლო.
ნახევარფინალში ტიმის მეტოქე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და იტალიელი მარკო ჩეკინატოს შეხვედრაში გაირკვევა.