The Times - სერგეი სკრიპალის სახლს სოლსბერიში დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება გამოისყიდის
The Times - სერგეი სკრიპალის სახლს სოლსბერიში დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება გამოისყიდის

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება გამოისყიდის სოლსბერიში მდებარე სახლებს, რომლებშიც რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და პოლიციელი ნიკ ბეილი ცხოვრობდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მომწამვლელმა ნივთიერებამ, რომელიც სკრიპალების წინააღმდეგ გამოიყენეს, სახლები საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახადა. ამას გარდა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა გამოისყიდის დაზარალებულების ავტომობილებსა და სხვა ქონებას. საუბარია სულ დაახლოებით ერთი მილიონი ფუნტის ღირებულების ქონებაზე.
შეგახსენებთ, მანამდე ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სკრიპალების მოწამლვის საქმის გამოძიება 7,5 მილიონი ფუნტი დაჯდა.

ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მარტის დასაწყისში მოწამლეს. ლონდონმა მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა.

დიდი ბრიტანეთის განცხადებით, სკრიპალების მოსაწამლად გამოყენებული იყო საბჭოთა კავშირში შექმნილი ნივთიერება „ნოვიჩოკი“. სკრიპალებთან ერთად მოიწამლა ერთი პოლიციელი, რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა, თუმცა ის მალევე გამოჯანმრთელდა. მაისში საავადმყოფოდან მამა-შვილი სერგეი და იულია სკრიპალებიც გაწერეს.