გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს
გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს

ბიუჯეტის შემცირების შემთხვევაში, ბრიტანეთი რუსეთის შესაძლო თავდასხმისას დაუცველი იქნება – ასეთი სათაურით სტატიას აქვეყნებს ბრიტანული Times-ი. გამოცემას გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ნიკ კარტერის სიტყვით გამოსვლის ტექსტი მოჰყავს, რომელშიც ბრიტანელი გენერალი თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. გენერალი კარტერის სიტყვით გამოსვლა სამეფო ინსტიტუტში უახლოეს მომავალში იგეგმება. გამოცემას კი, ნიკ კარტერის სიტყვა წინასწარ აქვს მოპოვებული.​

Times-ის ცნობით, კარტერი თავის სიტყვაში ხაზს გაუსვამს რუსეთის შესაძლებლობას, გაუშვას საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტები და სწრაფად გადაისროლოს დიდი რაოდენობით სამხედროები. სამეფო ინსტიტუტში გამოსვლისას გენერალი კიბერ ომის საფრთხეზეც ისაუბრებს.

„ბრიტანეთის შესაძლებლობები, თავიდან აიცილოს საფრთხეები, შემცირდება. კონკურენცია ქვეყნებს შორის ახალ ეტაპზეა გადასული და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. საფრთხეები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, ჩვენი საზღვრებიდან ათასობით მილით აღარ არის დაშორებული, არამედ ევროპის ზღურბლზეა“, – მოჰყავს კარტერის სიტყვები Times-ს.

ასევე, გამოცემის ცნობით, გენერალი თავის სიტყვაში ახსენებს, რუსეთის მიერ შარშან გამართულ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს, რომლის დროსაც ჩრდილოეთ ევროპაზე დარტყმის უნარი დახვეწეს.

„ჩვენ ვალდებული ვართ, რეაგირება მოვახდინოთ ამ საფრთხეებზე. უმოქმედოდ ყოფნის უფლება არ გვაქვს“, – წერია ბრიტანელი სამხედრო მაღალჩინოსნის სიტყვაში.

58 წლის ნიკ კარტერის კანდიდატურა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის პოსტზე აქტიურად განიხილება.