„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

პროკურორმა სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების  შუამდგომლობით მიმართა. მილიონიანი გირაოს გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად ქვეყნის დატოვებაზე შეზღუდვაც მოითხოვა.

კერძოდ, პროკურორმა განმარტა, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უნდა აეკრძალოთ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.

ამ დროისათვის დაცვის მხარე საპასუხო შუამდგომლობას აყენებს. ბრალდებულების ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ ბრალდების საქმე აბსურდულია.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს  წარედგინათ ბრალი ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.