Theanalyst - საქართველო ვირტუოზებით ამაყობს, კვარაცხელია წლის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია და ფინალის ბედის გადაწყვეტა შეუძლია #1TVSPORT
Theanalyst - საქართველო ვირტუოზებით ამაყობს, კვარაცხელია წლის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია და ფინალის ბედის გადაწყვეტა შეუძლია #1TVSPORT

„ხვიჩა კვარაცხელიას მაგია – როგორ შეუძლია პსჟ-ის ქართველ მარგალიტს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბედის გადაწყვეტა“, – ამ სათაურით გამოქვეყნდა წერილი Theanalyst-ზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო როლსა და მნიშვნელობაზეა ყურადღება გამახვილებული.

„საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ტურნირის მილიარდობით მაყურებლისთვის ეს ნიშნავს ზაფხულს ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე. საქართველოში, დიდი ხანია, ფეხბურთი ხელოვნებად მიაჩნიათ. გიორგი ქინქლაძის ვირტუოზული თამაში და 1981 წლის თასების მფლობელთა თასზე თბილისის „დინამოს“ ისტორიული ტრიუმფი მეტყველებს, რომ ეს ტექნიკური ვირტუოზებით მდიდარი ქვეყანაა.

კვარაცხელია „დინამოს“ ყველაზე ცნობილი თანამედროვე აღზრდილია. „კვარადონას“ მეტსახელი გაზვიადება არ ყოფილა. იტალიაში ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში კვარაცხელია ყველაზე მეტ გოლში მონაწილეობდა, ვიდრე „ნაპოლის“ ნებისმიერი სხვა მოთამაშე.

2025-26 წლების სეზონში კვარაცხელია ჰარი კეინსა და კილიან მბაპეს უტოლდება ტურნირში ყველაზე მეტი საგოლე მოქმედებებით (16). საყურადღებოა, რომ საუკეთესო გამოსვლები ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩებისთვის „შეინახა“ და გახდა ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში პლეიოფის ზედიზედ შვიდ მატჩში გაიტანა ან საგოლე გადაცემა შეასრულა.

შესაძლოა, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით კვარაცხელიას თამაშში ყველაზე საინტერესო ცვლილება მისი დაცვაში აქტიურობაა. ქართველი ერთ-ერთია იმ ორი ფლანგის შემტევებიდან, რომლებმაც გასული სეზონის დაწყებიდან ჩემპიონთა ლიგაზე 800-ზე მეტი მაღალი ინტენსივობის პრესინგი შეასრულეს.

შრომისმოყვარეობამ და თავდადებამ კვარაცხელია სანახაობრივი მოთამაშიდან ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ შემტევად აქცია. ეს შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს „არსენალის“ წინააღმდეგ ფინალში პსჟ-ისთვის, რომელიც, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე კლუბი გახდეს, რომელმაც ტიტული დაიცვა. მსოფლიო ჩემპიონატზე არყოფნის მიუხედავად, კვარაცხელია უკვე 2026 წლის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია“.