The New York Times - ევროპულ ქვეყნებს არ აქვთ სტრატეგია ომის დასრულების შესახებ აშშ-ის მხრიდან რუსეთზე დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გარეშე, ეს პრობლემურია, რადგან ტრამპის პოზიცია ცვალებადია
ევროპული ქვეყნები კვლავ აცხადებენ უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას, მაგრამ მათ არ აქვთ საკუთარი სტრატეგია ომის დასრულების შესახებ აშშ-ის მხრიდან რუსეთზე დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გარეშე. ეს პრობლემურია, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიცია უკრაინაში ომთან დაკავშირებით ცვალებადია, – ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ევროპელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ უსაფრთხოების გარანტიების სანდოობა, რომელსაც უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად მიიღებს, გადამწყვეტია.
ისინი დარწმუნებულები არიან, რომ საიმედო უსაფრთხოების გარანტიები საუკეთესო სტიმული იქნება კიევისთვის, რათა დათანხმდეს თავისი ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის დათმობას.
The New York Times-ის მიხედვით, ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ შეერთებული შტატები კვლავ უარს ამბობს უკრაინის დაცვის ან ევროპული ძალების მხარდაჭერის რაიმე კონკრეტული დაპირების მიცემაზე.
„უკრაინა ევროპის თავდაცვის ხაზია რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ბოლომდე არ გვესმის, თუ რას ნიშნავს ეს ან რა ფასად. რუსული აქტივები აბსოლუტურად აუცილებელია უკრაინისთვის, რათა გააგრძელოს ბრძოლა და შეცვალოს რუსეთის გათვლები. ჩვენ უნდა ავიღოთ უფრო დიდი რისკები ან მოგვიანებით უფრო მაღალი ფასი გადავიხადოთ“, – აცხადებს ატლანტიკური საბჭოს ჩრდილოეთ ევროპის დირექტორი ანა ვისლანდერი.
გამოცემის შეფასებით, ევროპამ ასევე დამოუკიდებლად ომის წარმოებისთვის მზადება უნდა დაიწყოს რადგან აშშ-ის მხარდაჭერა საეჭვოა.