თეთრ სახლში აცხადებენ, რომ კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებს ყურადღებით აკვირდებიან
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებს ყურადღებით აკვირდებიან

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებს ძალიან ყურადღებით აკვირდებიან. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კირბის თქმით, თეთრი სახლი კვლავ მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას, შეასრულოს საჯარო ვალდებულებები და მხარი არ დაუჭიროს უკრაინასთან რუსეთის ომს.

„არც ერთი ერი პლანეტაზე, არავინ არ უნდა დაეხმაროს პუტინს უდანაშაულო უკრაინელების მოკვლაში და თუ ისინი გადაწყვეტენ წინსვლას რაიმე სახის იარაღის გარიგებასთან დაკავშირებით, ჩვენ, ცხადია, მივიღებთ, ზომებს და ამას სათანადოდ გავუმკლავდებით“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

თეთრი სახლის სპიკერმა თქვა, რომ არსებობს შეშფოთება ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის თავდაცვის სფეროში ნებისმიერ მზარდ ურთიერთობასთან დაკავშირებით.

„ჩვენ უნდა დავინახოთ, რა სურთ მხარეებს და რას მიიღებენ ამისგან. ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც გააუმჯობესებს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო შესაძლებლობებს, ნამდვილად იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანი“, – განაცხადა კირბიმ.