თეთრი სახლის წარმომადგენელი - სოციალურმა მედიამ ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გამოქვეყნებაზე საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
თეთრი სახლის წარმომადგენელი - სოციალურმა მედიამ ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გამოქვეყნებაზე საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

სოციალურმა მედიამ, მის პლატფორმაზე გამოქვეყნებული დეზინფორმაციის გამო წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, – აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა ქეით ბედინგფილდმა განაცხადა.

„ჩვენ ამ საკითხებს განვიხილავთ და რა თქმა უნდა, მათაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტის ძალიან აგრესიული საუბარი ამ თემაზე. მას ესმის, რომ ეს ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – აღნიშნა ბედინგფილდმა.

მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ დაიწყო „ფეისბუქის“ სივრცეში დეზინფორმაციის გამავრცელებელი პრობლემური შეტყობინებების აღნიშვნა და ხელისუფლებამ სოციალური მედიის ძირითადად პლატფორმებზე საკუთარი ცვლილებების შეთავაზება გააკეთა.

გასულ კვირას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ფეისბუქის“ მსგავსი გიგანტები „კლავენ ადამიანებს“, რადგან მათ სივრცეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე დეზინფორმაციებს უშვებენ. საპასუხოდ, „ფეისბუქში“ აღნიშნეს, რომ კომპანია ყურადღებას არ გაამახვილებს იმ ბრალდებებზე, რომლებიც ფაქტების გარეშეა მოცემული. მოგვიანებით, ბაიდენმა განმარტა, რომ არა „ფეისბუქი“, არამედ ის მომხმარებლები „კლავენ ადამიანებს“, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ. აქვე, მან იმედი გამოთქვა, რომ „ფეისბუქი“ მეტს გააკეთებს მის პლატფორმაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე აღმაშფოთებელი დეზინფორმაციების გავრცელების გამო.