თეთრი სახლის პრესსპიკერი - რუსეთისთვის არსებობს სტიმული, დაასრულოს ომი, შესაძლოა, ეს იყოს აშშ-თან ეკონომიკური პარტნიორობა, თუმცა ჯერ უნდა ვნახოთ ცეცხლის შეწყვეტა
თეთრი სახლის პრესსპიკერი - რუსეთისთვის არსებობს სტიმული, დაასრულოს ომი, შესაძლოა, ეს იყოს აშშ-თან ეკონომიკური პარტნიორობა, თუმცა ჯერ უნდა ვნახოთ ცეცხლის შეწყვეტა

აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთთან პოტენციური ეკონომიკური პარტნიორობის განვითარება, შეიძლება, უკრაინაში ომის დასრულებისთვის სტიმული იყოს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

ლევიტმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის  რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ბოლო შეხვედრასა და „სამშვიდობო ხელშეკრულების“ პერსპექტივებზე.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის შედგა „ნაყოფიერი საუბარი“ და უიტკოფი და ტრამპი „მიიჩნევენ, რომ რუსეთს სურს ამ ომის დასრულება“.

„რუსეთისთვის არსებობს სტიმული, დაასრულოს ეს ომი და შესაძლოა, ეს იყოს შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური პარტნიორობა, თუმცა ჯერ უნდა ვნახოთ ცეცხლის შეწყვეტა. პრეზიდენტმა და მისმა წარმომადგენელმა, უიტკოფმა ეს ძალიან ნათლად განუმარტეს რუსებს“, – აღნიშნა ლევიტმა.