თეთრი სახლის პრესმდივანი - ჯო ბაიდენი საკმაოდ დაკავებულია და დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას დიდ დროს ვერ დაუთმობს
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას დიდ დროს ვერ დაუთმობს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი აცხადებს, პრეზიდენტი საკმაოდ დაკავებულია და მას ამ კვირაში გადატვირთული გრაფიკი აქვს. განრიგის მიხედვით, ის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტსა და თავდაცვის დეპარტამენტს უნდა ესტუმროს. ასევე, ფსაკის თქმით, ბაიდენი კავშირზე იქნება წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პელოსისთან და სხვა კონგრესმენებთან.
ფსაკის განცხადებით, პრეზიდენტი იმპიჩმენტის პროცესის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა სენატში 9 თებერვალს დაიწყება. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტში მითითებულია, რომ მას ბრალად ამბოხის წაქეზება ედება. აღსანიშნავია, რომ სენატის გადაწყვეტილება არ საჩივრდება.