თეთრი სახლის პრესმდივანი - აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მოლაპარაკებების რთული პროცესისთვის
თეთრი სახლის პრესმდივანი - აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მოლაპარაკებების რთული პროცესისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან დაგეგმილი შეხვედრა გაიმართება და მზად არის, მოლაპარაკებების რთული პროცესისთვის. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა განაცხადა.

„ჩვენ კვლავ ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრა შედგება და ამ გზით სვლას გავაგრძელებთ, თუმცა ამავე დროს მზად ვართ იმისთვის, რომ ეს რთული მოლაპარაკებები იქნება“, – განაცხადა სარა სანდერსმა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის დაგეგმილი შეხვედრა არ შედგება, ვაშინგტონი ფხენიანზე ზეწოლას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ სამიტს გააუქმებს, თუ აშშ ცალმხრივად მოითხოვს ფხენიანისგან ბირთვულ იარაღზე უარის თქმას. ამას გარდა, ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან მაღალი დონის მოლაპარაკებები გააუქმა სეულისა და ვაშინგტონის ერთობლივი სამხედრო წვრთნის გამო.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სინგაპურში 12 ივნისს არის დაგეგმილი.