თეთრი სახლის პრესმდივანი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვებამ ფასების მერყეობა გამოიწვია
თეთრი სახლის პრესმდივანი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვებამ ფასების მერყეობა გამოიწვია

თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის თქმით, რუსეთის მხრიდან „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვებამ ფასების მერყეობა გამოიწვია.

ჟან-პიერის განცხადებით, შეთანხმების გაუქმება გაამძაფრებს შიმშილს მსოფლიოს მოწყვლად ზონებში.

„რუსეთის ცალმხრივმა გამოსვლამ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელმაც, როგორც იცით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სურსათზე მსოფლიო ფასების შემცირებაში, ასევე რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის მარცვლეულის საცავებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილებები მარცვლეულისა და საკვების ფასებზე. შავი ზღვის ინიციატივას მოჰყვა 32 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე. რუსეთის ქმედებები, მსოფლიო ბაზრებიდან ასეთი მნიშვნელოვანი რაოდენობის საკვები პროდუქტების ამოღებასთან დაკავშირებით, გაამძაფრებს შიმშილს მსოფლიოს ზოგიერთ მოწყვლად ზონაში, მათ შორის აფრიკაში“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

მანამდე აღნიშნულ საკითხზე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზარალი გამოიწვევს ფასების ცვლილებას იმაზე მეტად, ვიდრე ეს მოხდებოდა უკრაინული მარცვლეულის ნორმალური წვდომის შემთხვევაში საერთაშორისო ბაზარზე.