თეთრი სახლის მრჩეველი - პალესტინელები თვითგამორკვევას იმსახურებენ, თუმცა ბუნდოვანია შეძლებენ თუ არა დამოუკიდებლად მართვას
თეთრი სახლის მრჩეველი - პალესტინელები თვითგამორკვევას იმსახურებენ, თუმცა ბუნდოვანია შეძლებენ თუ არა დამოუკიდებლად მართვას

პალესტინელები თვითგამორკვევას იმსახურებენ, თუმცა ბუნდოვანია შეძლებენ თუ არა დამოუკიდებლად მართვას, – ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა. სატელევიზო პროგრამა „აქსიოს ონ ეიჩბიოუ“-სთან ინტერვიუში, კუშნერმა არ დააკონკრეტა მოიცავს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამშვიდობო გეგმა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას.

კითხვაზე, შეძლებენ თუ არა ისრაელის ჩაურევლად პალესტინელები დამოუკიდებლად მართვას, ჯარედ კუშნერმა იმედი გამოთქვა, რომ დროთა განმავლობაში პალესტინელები მართვას შეძლებენ.

„პალესტინელებს სჭირდებათ რომ ჰქონდეთ სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა, პრესის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ტოლერანტობა ყველა რელიგიის მიმართ“, – განაცხადა ჯარედ კუშნერმა.

თეთრი სახლის სამშვიდობო გეგმა უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება, თუმცა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა საელჩოს იერუსალიმში გადატანის და ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო, პალესტინელები აშშ-სთან შეთანხმების დადებაზე უარს ამბობენ.