თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ევროპელ ლიდერებთან უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი ტელეფონით განიხილა
თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ევროპელ ლიდერებთან უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი ტელეფონით განიხილა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ევროპელ ლიდერებთან უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი ტელეფონით განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

კერძოდ, სატელეფონო საუბარი გაიმართა ჯო ბაიდენს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს, იტალიის პრემიერ-მინისტრს მარიო დრაგის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის.

თეთრი სახლის განცხადებით, ლიდერებმა განიხილეს თავიანთი სერიოზული შეშფოთება რუსეთის სასტიკ ტაქტიკაზე უკრაინაში, მათ შორის სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმებზე.

„მათ ხაზი გაუსვეს მათი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიწოდება მამაცი უკრაინელებისთვის, რომლებიც იცავენ საკუთარ ქვეყანას რუსეთის აგრესიისგან, და ჰუმანიტარული დახმარება მილიონობით უკრაინელისთვის, რომელიც ძალადობას გაექცა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარე კვირაში ჯო ბაიდენი ევროპაში გაემგზავრება, სადაც ნატო-ს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს შეხვდება. ამასთან, პარასკევს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან.