თეთრი სახლის ცნობით, კოლუმბია აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების მიღებას დათანხმდა, რის გამოც აშშ კოლუმბიას სავიზო და სატარიფო შეზღუდვებს აღარ დაუწესებს
თეთრი სახლის ცნობით, კოლუმბია აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების მიღებას დათანხმდა, რის გამოც აშშ კოლუმბიას სავიზო და სატარიფო შეზღუდვებს აღარ დაუწესებს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ აღარ დაუწესებს სავიზო და სატარიფო შეზღუდვებს კოლუმბიას. თეთრი სახლის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კოლუმბია დათანხმდა, შეზღუდვებისა და დაყოვნების გარეშე მიიღოს ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებშიც აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებიან.

კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს განცხადებით, სანაცვლოდ აშშ დეპორტირებულ მოქალაქეებთან ღირსეულად მოპყრობას დათანხმდა.

ცნობისთვის, 26 იანვარს კოლუმბიამ უარი თქვა ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომლებშიც აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოლუმბიას უწესებდა 25-პროცენტიან საბაჟო გადასახადს აშშ-ში შემოსულ ყველა საქონელზე, კრძალავდა მგზავრობას და აუქმებდა ვიზებს კოლუმბიის მთავრობის თანამდებობის პირებისა და მათი მხარდამჭერებისთვის, ასევე სავიზო სანქციებს უწესებდა კოლუმბიის მთავრობის ყველა პარტიის წევრს, მათი ოჯახის წევრებსა და მხარდამჭერებს.