თეთრი სახლი - რუსეთთან უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი მხოლოდ უკრაინის საზღვრებთან დეესკალაციის შემთხვევაშია შესაძლებელი, დიალოგი პარტნიორებთან კოორდინირებულად წარიმართება
თეთრი სახლი - რუსეთთან უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი მხოლოდ უკრაინის საზღვრებთან დეესკალაციის შემთხვევაშია შესაძლებელი, დიალოგი პარტნიორებთან კოორდინირებულად წარიმართება

აშშ-მა რუსეთთან მოლაპარაკებების პირობები დაასახელა. როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რუსეთთან უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც უკრაინის საზღვრებთან სიტუაცია განიმუხტება. მისივე თქმით, მოსკოვთან მსგავსი დიალოგი მხოლოდ ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინირებულად წარიმართება.

აღნიშნული განცხადება თეთრმა სახლმა ჯეიკ სალივანსა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვის სატელეფონო საუბრის შედეგ გაავრცელა.

„სალივანმა მკაფიოდ განმარტა, რომ ნებისმიერი დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივ ინტერესებს და ითვალისწინებდეს ჩვენს შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. დიალოგი ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაში უნდა წარიმართოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ „მზად არიან დიპლომატიური ურთიერთქმედებისთვის სხვადასხვა არხებით, მათ შორის ორმხრივი კონტაქტებისთვის ნატო-რუსეთის კომისიასა და ეუთო-ს ფარგლებში.“

კრემლში სალივანისა და უშაკოვის საუბრის შემდეგ განცხადება გააკეთა პუტინის პრესსმდივანმაც. დიმიტრი პესკოვის თქმით, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა რუსეთის მიერ წარდგენილ ორი პროექტში ასახული წინადადებების კონტექსტში იმსჯლეს.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებს ეხება. მათ შორის მოსკოვი ითხოვს, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდეს, უარი თქვას უკრაინის ალიანსში მიღებაზე, შეწყვიტოს სამხედრო აქტივობა აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ასევე, არ განათავსოს საშუალო და მცირე რადიუსზე მოქმედი რაკეტები ისეთ პოზიციებზე, რომლებიც რუსეთს საფრთხეს შეუქმნიან.

აშშ-ს, ნატო-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში უკიდურესად დაიძაბა. ამის მიზეზი უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედრო ძალის კონცენტრაციაა. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის ემზადება. თავის მხრივ, კრემლში ამტკიცებენ, რომ უკრაინა დასავლეთის დახმარებით შეიარაღებას ზრდის. მოსკოვში ასევე უკმაყოფილო არიან იმით, რომ ნატო რუსეთის საზღვრებთან სამხედრო მანევრებს ატარებს.