თეთრი სახლი - დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შორის პირდაპირი კომუნიკაცია ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული იყო
თეთრი სახლი - დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შორის პირდაპირი კომუნიკაცია ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული იყო

თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპის მრჩეველსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გამართული ბირთვული მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა და დაადასტურა, რომ მომავალ კვირას მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი გაიმართება.

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შორის „პირდაპირი კომუნიკაცია ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული“ იყო.

„უიტკოფმა არაღჩის განუმარტა, რომ მას პრეზიდენტ ტრამპისგან მიღებული აქვს მითითებები, დიალოგისა და დიპლომატიის გზით გადაჭრას ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოებები, შესაძლებლობის შემთხვევაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეთრი სახლის ცნობით, მხარეები მომდევნო შაბათს კვლავ შეხვდებიან.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრი აბას არაღჩი სტივ უიტკოფს პირისპირ „მხოლოდ რამდენიმე წუთით“ შეხვდა ომანში გამართული მოლაპარაკებების დროს.

როგორც თეირანში განმარტავენ, აშშ-სა და ირანის გუნდები სხვადასხვა ოთახში იმყოფებოდნენ და შეხვედრას ომანის წარმომადგენლობა შუამავლობდა.