„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია დასრულდა
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია დასრულდა

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია დასრულებულია.

“ჩვენ ვითვლით წამებს” – ასეთი ბანერი გაშალეს აქციის მონაწილეებმა დასრულებისას და კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ სამ მთავარ მოთხოვნაზე, რომელიც მათ ხელისუფლების სამი შტოს მისამართით აქვთ.

აქციის წევრები პარლამენტს მოუწოდებენ, დროულად და დაჩქარებულ რეჟიმში მიიღონ ის კანონპროექტი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას გულისხმობს.

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” და მისი მხარდამჭერები აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ დროულად დაიწყოს პოლიციის რეფორმირება, იმისათვის რომ ეს სისტემა არ იყოს სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, ასევე მიმართავენ პრეზიდენტს, რომ წლის ბოლომდე მასობრივად შეიწყალოს პატიმრები, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკების მოხმარების გამო.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ უერთდებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ის ადამიანები, ვინც დაპატიმრებულია სწორედ ამ ბრალდებით და ეს პირები საპატიმროში პროტესტს შიმშილობით გამოხატავენ.

“ხმაური გამარჯვებისთვის” – ასეთი იყო საპროტესტო აქციის სახელწოდება.

„ხმაური გამარჯვებისთვის ნიშნავს იმას, რომ არ ვართ მარტო, საპატიმროებში არ არიან მარტო და ეს არის ხალხის ხმა, ვინც ითხოვს ლიბერალიზაციას. საპატიმროებში შიმშილობა დაიწყეს უკვე პატიმრებმა და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ ეს, უნდა დააჩქაროს კანონმდებლობის მიღება,3000 კაცამდეა დაპატიმრებული მე როგორც ვიცი ამის გამო და აქედან შეიძლება დიდი ნაწილი გამოვიყვანოთ, რომლებიც არაფრის გამო იხდიან სასჯელს, ცარიელი ნემსების, ბიომოყრილი მოსაწევისა და აბსურდული მიზეზიებით“, – განაცხადა გიორგი გიორგანაშვილმა.

“არა ნარკოტიკებს” – ასეთი ბანერებით იმყოფებოდნენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქციაზე დღეს სასულიერო პირებიც.

მათი თქმით, ისინი არ ემხრობიან მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების გამო მოქალაქეების დაპატიმრებას, თუმცა არ დაუჭერენ მხარს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას და ლეგალიზაციას.