„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ - ვიაზრებდით, რომ აგრესიული ჯგუფების დარბევით ვითარების გამწვავების საშიშროება არსებობდა, ამიტომ პროტესტის დროებით შეწყვეტა  გადავწყვიტეთ 
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ - ვიაზრებდით, რომ აგრესიული ჯგუფების დარბევით ვითარების გამწვავების საშიშროება არსებობდა, ამიტომ პროტესტის დროებით შეწყვეტა  გადავწყვიტეთ 

აქციის ორგანიზატორების ნაწილი უკვე ვსაუბრობდით პროტესტის დროებით შეჩერებაზე, რა დროსაც შეგვატყობინეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ჩვენთან შესახვედრად მოვიდა, – ამის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ორგანიზაცია განვითარებულ მოვლენებზე, 13 მაისის აქციაზე და პროტესტის დროებით შეწყვეტის მიზეზებზე საუბრობს.

განცხადების თანახმად, 13 მაისის აქცია განსაკუთრებით მძიმე და დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, იყვნენ აქციის მონაწილეთა მიმართ აგრესიითა და სიძულვილით განწყობილი ჯგუფები, რომელთა აგრესიისგან დასაცავად პოლიციის კორდონი მოეწყო.

„ამის მიუხედავად, ჩვენამდე მუდმივად აღწევდა ინფორმაცია აქციაზე მომავალ მხარდამჭერებზე თავდასხმების თაობაზე. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა ღამით. კონტრდემონსტრანტები ისროდნენ ქვებს, ბოთლებს და აგრესიაც უფრო მატულობდა. ორგანიზატორების ნაწილი უკვე ვსაუბრობდით პროტესტის დროებით შეჩერებაზე, რა დროსაც შეგვატყობინეს, რომ შს მინისტრი პარლამენტში ჩვენთან შესახვედრად მოვიდა.  შეხვედრაზე გიორგი გახარიამ განგვიცხადა,  რომ პოლიციის თანამშრომლებს უკვე უჭირდათ ეგზალტირებული მასის შეკავება და იძულებულნი გახდებოდნენ მათ მიმართ სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლები გამოეყენებინათ. ჩვენ აქციის დაწყებიდან მოვუწოდებდით პოლიციას, რომ არ გამოეყენებინათ ზედმეტი ძალა კონტრდემონტრანტების მიმართ, დარბევისა და პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ შეკრებილი საზოგადოება მათ დარბევას ვერ დავუშვებდით, ასევე ვერაფრით დავუშვებდით თუნდაც ჰიპოთეტურად კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო თქვენი უსაფრთხოება. ვიაზრებდით, რომ აგრესიული ჯგუფების დარბევით ვითარების კიდევ უფრო გამწვავების საშიშროება არსებობდა, როგორც ადგილზე, ასევე სამომავლოდ. დადგა კომპრომისების საჭიროება. ვითარების განმუხტვის მიზნით კი, ჩვენ პროტესტის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შს მინისტრმა თავადაც მიმართა აქციის მხარდამჭერებს თხოვნით, ესკალაციის საშიშროების გამო შეეწყვიტათ საპროტესტო აქცია, დემონსტრანტებმა კი, მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

„გიორგი გახარიამ ბოდიში მოიხადა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს იყო პირველი არასრულყოფილი, მაგრამ მაინც შეცდომის აღიარება პოლიტიკური სისტემის მხრიდან, რაც უპირველესად თქვენი, თანასწორობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების დამსახურებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ხაზს უსვამს, რომ მათი გადაწყვეტილება უკან დახევას არ ნიშნავს, არამედ ეს იყო სტრატეგიული სვლა.

„მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არ ნიშნავს უკან დახევას, ეს იყო სტრატეგიული სვლა და ხაზგასმა ჩვენსავე ღირებულებებზე. ჩვენ არ დავუშვით სამოქალაქო დაპირისპირება და ამასთან, ვაიძულეთ სისტემა წამოსულიყო დიალოგზე. კომპრომისი იყო ორმაგი. შს მინისტრისგან მივიღეთ მოლაპარაკების ფორმატის შეთავაზება, სადაც პარალელურად განიხილება ორი საკითხი: 12 მაისის ღამის მოვლენების ერთობლივი განხილვა და ძალის გადამეტების ფაქტების დადასტურების შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება; ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა და უახლოეს მომავალში მიღება“, – აღნიშნულია განცხადებაში და ნათქვამია, რომ  მოლაპარაკების რეჟიმში გადასვლა ცდად ღირს.

ამასთან, ორგანიზაცია ამბობს, რომ მათი მოთხოვნები და პროტესტი ძალაში რჩება.

„პროცესი იქნება გამჭვირვალე და არასათანადოდ წარმართვის შემთხვევაში, უფრო ორგანიზებულად დავუბრუნდებით ქუჩას“, – აცხადებს „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ და მადლობას უხდის მხარდამჭერებს, მედიასა და პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც უსაფრთხოებას იცავდნენ.