„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ - პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრების ნახევარი ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირია
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ - პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრების ნახევარი ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ დღეს შეწყალებული 116 პატიმრიდან 55 ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, – ამის შესახებ ინფორმაციას „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ავრცელებს.

მოძრაობის ინფორმაციით, კიდევ 9 პირს სასჯელის ვადა შეუმცირდა.

„მოძრაობის სახელით, გვინდა მივულოცოთ შეწყალებულ პირებსა და მათ ოჯახებს უსამართლოდ თავისუფლებააღკვეთილი ოჯახის წევრების სახლებში დაბრუნება. მადლობას ვუხდით საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და შეწყალების საკითხთა კომისიას მათთვის თავისუფლების დაბრუნებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შეწყალების აქტი კიდევ უფრო მეტ კანონისმსხვერპლ ადამიანს შეეხება”, – ნათქვამია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ აღნიშნა, შეწყალებულთაგან 73 პირი საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს, დანარჩენ 43 მსჯავრდებულს კი საპატიმრო სასჯელი სხვადასხვა დოზით შეუმცირდათ.