თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თათბირს მართავს
თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თათბირს მართავს

პენტაგონში აცხადებენ, რომ ირანის მიერ ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმების შესახებ ინფორმირებულია აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„სიენენის“ ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმების შემდეგ, თეთრ სახლში ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წამყვანი წევრების თათბირი იმართება. ტელეკომპანიის ცნობით, თეთრ სახლში იმყოფებიან პენტაგონის ხელმძღვანელი მარკ ესპერი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

ირანმა ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმა ცოტა ხნის წინ განახორციელა. ჯერ უცნობია, არიან თუ არა თავდასხმის შედეგად დაღუპულები ან დაშავებულები.

პენტაგონში აცხადებენ, რომ სიტუაციის მონიტორინგს განაგრძობენ.

ირანში განაცხადეს, რომ სარაკეტო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებაა.