თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთში დაკავებული ამერიკელი მასწავლებელი, მარკ ფოგელი გათავისუფლებულია და ტრამპის წარმომადგენელ სტივ ვიტკოფთან ერთად ტოვებს რუსეთის ტერიტორიას
თეთრ სახლში აცხადებენ, რუსეთში დაკავებული ამერიკელი მასწავლებელი, მარკ ფოგელი გათავისუფლებულია.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველის, მაიკ უოლცის თქმით, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი ამჟამად ტოვებს რუსეთს ამერიკელ მასწავლებელთან, მარკ ფოგელთან ერთად.
მაიკ უოლცის განმარტებით, მოხდა „გაცვლა“, თუმცა მას დეტალები არ დაუზუსტებია. ამასთან, უოლცმა აღნიშნა, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან „კეთილი ნების“ გამოხატვა და ეს არის რუსეთის მიერ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი უკრაინაში ომის დასრულებისკენ.
„ბატონი ვიტკოფი რუსეთის საჰაერო სივრცეს ტოვებს ამერიკელ მარკ ფოგელთან ერთად, რომელიც რუსეთმა დააკავა. პრეზიდენტმა ტრამპმა, სტივ ვიტკოფმა და პრეზიდენტის მრჩევლებმა მოლაპარაკება გამართეს, რაც ნიშანია, რომ ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით უკრაინაში სასტიკი და საშინელი ომის დასასრულებლად“, – განაცხადა უოლცმა.
როგორც „სიენენი“ წერს, 61 წლის ფოგელი თითქმის ათი წლის განმავლობაში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად მოსკოვის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც მის მოსწავლეებს შორის აშშ-ის დიპლომატების შვილებიც იყვნენ. ფოგელი 2021 წლის აგვისტოში, მოსკოვის აეროპორტში დააკავეს. ფოგელს თან ჰქონდა დაახლოებით 17 გრამი კანაფი, რომელიც, მისი ოჯახისა და ადვოკატის თქმით, ექიმის მიერ იყო გამოწერილი „ხერხემლის ძლიერი ტკივილის“ სამკურნალოდ.