თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი სამომავლოდ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინთან სამმხრივი შეხვედრის სურვილს გამოთქვამს
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი სამომავლოდ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სამმხრივი შეხვედრის სურვილს გამოთქვამს.
როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განმარტა, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც ინარჩუნებს კონტაქტს.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპის პირველი ზარი ზელენსკისთან და ევროპელ პარტნიორებთან განხორციელდა.
ამასთან, ლევიტის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა დონალდ ტრამპს „საუკეთესო წარმოდგენას შეუქმნის ამ ომის დასრულების გზის შესახებ“.
„ეს შეხვედრა პრეზიდენტისთვის მოსმენის სავარჯიშო იქნება. შეხვედრას მხოლოდ ერთი მხარე დაესწრება, რომელიც ამ ომში მონაწილეობს. ეს პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, წავიდეს და უკეთესად შეიქმნას წარმოდგენა იმის შესახებ, როგორ შეგვიძლია, ეს ომი დავასრულოთ“, – აღნიშნა ლევიტმა.
თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, დონალდ ტრამპს სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, თუმცა, მისი თქმით, ამისთვის ორივე ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
ამასთან, როგორც ლევიტმა აღნიშნა, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შესახვედრად მრავალი ადგილი განიხილებოდა.
„ალასკა ამერიკის შეერთებული შტატების შტატია, ამიტომ პრეზიდენტი ტრამპისთვის დიდი პატივია და ამერიკულ მიწაზე ელოდება პრეზიდენტ პუტინისთვის მასპინძლობას. შესაძლოა, არსებობდეს გეგმები რუსეთში დონალდ ტრამპის სამომავლო ვიზიტის შესახებ, მაგრამ ის ვლადიმერ პუტინს ამჯერად აშშ-ის შტატ ალასკაში შეხვდება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.