თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დღეს „მშვიდობის საბჭოს“ პირველ შეხვედრაზე ტრამპი წევრი სახელმწიფოების მიერ ღაზისთვის ხუთ მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს
თეთრი სახლის პრესსპიკერის, ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ვაშინგტონში დღეს უმასპინძლებს, დონალდ ტრამპი გამოაცხადებს, რომ საბჭოს წევრი ქვეყნები ხუთ მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფენ ღაზის აღსადგენად და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერი განმარტავს, მოგვიანებით დააზუსტებენ, რომელი ქვეყანა რა რაოდენობის თანხას გამოყოფს.
მისივე თქმით, ხუთი მილიარდი დოლარი ღაზის რეკონსტრუქციისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდში შევა, „მშვიდობის საბჭო“ კი გადაწყვეტს, როგორ განაწილდება ეს სახსრები.
ამასთან, როგორც ქეროლაინ ლევიტი აღნიშნავს, „მშვიდობის საბჭო“ ღაზაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად ასევე გაგზავნის ათასობით ჯარისკაცსა და პოლიციელს.
„მშვიდობის საბჭოს“ დღევანდელ შეხვედრას 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ინიციატივაა, რომ ე.წ. მშვიდობის საბჭო გაერო-ს ალტერნატივად იქცეს.