თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის ემზადება
ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის დაპატიმრებული ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მთელი გზის განმავლობაში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ არ ვაპირებთ მსუბუქად დარტყმას, იქნება ეს სოლარ ვინდის თავდასხმა, არჩევნებში ჩარევა ან ნავალნი, როდესაც საქმე ეხება რუსეთის საზიანო საქმიანობაზე რეაგირებას“, – განაცხადა სალივანმა.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა თქვა, რომ სანქციები დაწესდება მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი სამიზნეებს სწორად განსაზღვრავს. ჯეიკ სალივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნავალნისთან დაკავშირებული სანქციების დაწესების შემდეგ, აშშ-ი შემდგომ სანქციებს ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით დააწესებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სალივანის განცხადებების პასუხად თქვეს, რომ „აშშ-ის უკანონო ქმედებებს ყოველთვის აქვს რუსეთის კანონზომიერი პასუხი“.