თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, დახმარება გაუწიოს ჩეხეთს
აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს ჩეხეთს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება კავშირშია ჩეხეთის ხელისუფლებასთან, რადგან ისინი იძიებენ ამ ინციდენტს და აშშ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დახმარება გაუწიოს.
„პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. პრეზიდენტი და პირველი ლედი ლოცულობენ იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები და ყველა დანარჩენი, ვინც დაზარალდა ამ უაზრო ძალადობის აქტით. აშშ-ის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ და ასევე, ვუსურვებთ ამ ტრაგიკული შემთხვევის გადარჩენილ ადამიანებს სწრაფ გამოჯანმრთელებას. ფედერალური ხელისუფლება კავშირშია ჩეხეთის ხელისუფლებასთან, რადგან ისინი იძიებენ ამ ინციდენტს და ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დახმარება გავუწიოთ მათ“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში გახსნა ცეცხლი. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი. იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.