თეთრ სახლში​ სისულელეს უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი 100 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გეგმა შეაჩერა
თეთრ სახლში​ სისულელეს უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი 100 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გეგმა შეაჩერა

სისულელეა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი 100 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გეგმა შეაჩერა, – ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

„ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების დაცვა შევაჩერეთ, სისულელეა. გასულ კვირას, აშშ-რუსეთის სამიტის წინ, ჩვენ 150 მილიონი დოლარის ღირებულების უსაფრთხოების პაკეტი გამოვყავით, მათ შორის ლეტალური დახმარების კუთხით. ამ სამიტამდე ორი დღით ადრე, მთელი მსოფლიოს წინაშე, ნატო-ს ტრიბუნასთან დგომისას, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმ პოზიციაში, რომ შეძლოს რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ჩვენ აგრეთვე მოვამზადეთ გაუთვალისწინებელი ხარჯებიც, უკრაინაში რუსეთის შემდგომი შეჭრის შემთხვევაში. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა კოლეგა პუტინს პირდაპირ უთხრა, ჩვენ ურყევი ვიქნებით უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში“, – განაცხადა ფსაკიმ.

გამოცემამ „პოლიტიკო“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი 100 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გეგმა შეაჩერა. გამოცემის ცნობით, გეგმა თავდაპირველად უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მობილიზაციის საპასუხოდ შეიქმნა და სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებასაც ითვალისწინებდა.

ამასთან, „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებმა გეგმა შეაჩერეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად მყოფ ჯარისკაცებს გაიყვანდა.