ტერორიზმის საქმის არსებითი განხილვა 16 აპრილს გაგრძელდება
ტერორიზმის საქმის არსებითი განხილვა 16 აპრილს გაგრძელდება

ტერორიზმის საქმის არსებითი განხილვა განხილვა 16 აპრილს განახლდება. ექვსი ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა დღეს ბრალდების მხარის შესავალი სიტყვით დაიწყო, თუმცა სხდომის დაწყებისთანავე პროკურორებმა სხდომების სრულად დახურვასთან დაკავშირებით დააყენეს შუამდგომლობა, რაც მოსამართლემ სრულად გაიზიარა. ადვოკატები კი ითხოვდნენ, სასამართლო ყველა სხდომა არ დახურულიყო და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში მომხდარიყო საქმის განხილვა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის შესავალ სიტყვას, პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადებით, მათ ჩამოთვალეს ის მტკიცებულებები, რაც ბოლო ოთხი თვის განმავლოაბაში მოიპოვეს. მათ შორის, საექსპერტო დასკვნები, ასევე, მოწმეების ჩვენებები და ნივთიერი მტკიცებულებები.

ადვოკატების შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იყო ზოგადი სახის და ვერ ადასტურებდა დაკავებულთა ბრალეულობას. ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის თქმით, ამ მტკიცებულებების ნაწილს დაცვის მხარე მათ სასარგებლოდ გამოიყენებს.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გამოძიება ორ პირს ედავება, ხოლო ოთხს ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა ხელშეწყობას. მათგან ერთი მიმალვაშია. დაკავებულები გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.