ტერორიზმის საქმეზე სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა 
ტერორიზმის საქმეზე სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის  საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო, მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო პროცესი სრულად დახურა.

პროცესის დახურვის მოთხოვნა ბრალდების მხარემ რამდენიმე არგუმენტით ახსნა. მათ შორის იმით, რომ საქმე ეხება ტერორისტულ საქმიანობას და მის ხელშეწყობას. პროკურორების მტკიცებით, საქმე პერსონალურ მონაცემებსაც შეიცავს.

ბრალდების მხარე ყურადღებას გაამახვილებს იმ მტკიცებულებებზე, რომელიც გამოძიებას გააჩნია. პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადებით, მტკიცებულებებს შორისაა საექსპერტო დასკვნები, სატელეფონო ჩანაწერები და ვიდეომასალა, რომელიც დაკავებულთა ბრალეულობას ადასტურებს.

იტყვიან თუ არა ადვოკატები დღევანდელ პროცესზე შესავალ სიტყვას, ადვოკატ ქარქაშიძის განცხადებით, ეს დამოკიდებული იქნება, რა მტკიცებულებებზე გააკეთებს აქცენტს ბრალდების მხარე.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გამოძიება ორ პირს ედავება, ხოლო ოთხს ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა ხელშეწყობას. მათგან ერთი მიმალვაშია.

დაკავებულები გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში თბილისა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.