ტერორიზმის საქმეზე დაკავებულმა რამაზ მარგოშვილმა პირველი ჩვენება მისცა
ტერორიზმის საქმეზე დაკავებულმა რამაზ მარგოშვილმა პირველი ჩვენება მისცა

ტერორიზმის საქმეზე დაკავებულმა რამაზ მარგოშვილმა დუმილი დაარღვია და პირველი ჩვენება მისცა.

დახურული პროცესის შემდეგ, მარგოშვილის ადვოკატმა ინგა ბოლოთაურმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენება ახალი გამოძიების საფუძველი უნდა გახდეს.

ადვოკატის თქმით, მარგოშვილის მიერ დასახელებული ერთ-ერთი პირი ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულია, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო ღონისძიება აქვს შეფარდებული.

ამასთან, ადვოკატი ინგა ბოლოთაური და მისი დაცვის ქვეშ მყოფი რამაზ მარგოშვილი საქართველოს პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავენ.

„რამაზ მარგოშვილის ჩვენებაში გამოკვეთილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო და საქმეში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოკვლეული არ იყო. ვფიქრობ, რომ ის ინფორმაცია, რაც გამოძიებას მისცა მარგოშვილმა, ახალი გამოძიების დაწყების საფუძველია. ჩვენ ასევე მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, შეიქმნას საგაოძიებო კომისია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. გამოიკვეთა კონკრეტული პირები, რომლებსაც კავშირები ჰქონდათ აჰმედ ჩატაევთან. ეს ადამიანი არის ბრალდებული, თუმცა აღკვეთად აქვს არასაპატიმრო ეონისძიება შედარდებული“, – განაცხადა ინგა ბოლოთაურმა.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გამოძიება ორ პირს ედავება, ხოლო ოთხს ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა ხელშეწყობას. მათგან ერთი მიმალვაშია. დაკავებულები გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.