ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე კერძო საჯარო დიალოგის პლატფორმის მეორე შეხვედრა გაიმართა
ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე კერძო საჯარო დიალოგის პლატფორმის მეორე შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის პროექტი წარუდგინეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, პრეზენტაცია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე, კერძო საჯარო დიალოგის პლატფორმის მეორე შეხვედრაზე გაიმართა. ღონისძიებაში ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის შემუშავებასა და მისი განხორციელების მონიტორინგზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების და ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საჯარო დიალოგის მონაწილეებმა, ეროვნული კონტრტერორისტული დოკუმენტის შემუშავება-დამტკიცების პროცესი განიხილეს და საკუთარი შეფასებები და კომენტარები წარმოადგინეს.

„მოგეხსენებათ, მიმდინარეობს საქართველოს კონტრტერორისრული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი. აღნიშნულს ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მასში აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლები, ასევე,  სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო პარტნიორები. დღეს, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრთან ერთად გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გაგვიზიარეს თავიანთი შეხედულებები სტრატეგიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა , სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა წარმოდგენილი უწყებები, მაქსიმალურად გაითვალისწინებენ სამოქალაქო სექტორის მიერ წამოჭრილ საკითხებს და მომავალში სტრატეგიის შემუშავების პროცესში ასახავენ იმ შენიშვნებს და წინადადებებს, რომლებიც დღეს ჩვენ მათგან მოვისმინეთ“, – აღნიშნა გიორგი საბედაშვილმა.

შეხვედრის ბოლოს, GCSD-ის დირექტორმა მარიამ თოხაძემ, პროგრამაში – „ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“, ფარგლებში GCSD-ის მიერ ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის მიმართულებით გამოცხადებულ საგრანტო პროექტებზე ისაუბრა.

ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნანა ბერიძე და უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძე ესწრებოდნენ.