ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით, 29 ნოემბრის ეპიზოდზე, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

15:23, 10.07.2026

ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს. კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, 2025 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით, 04:00 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში. შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის, ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. 

დღევანდელ სასამართლო სხდომას ესწრებოდა თავად ალეკო ელისაშვილიც, თუმცა ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მიმართ უცენზურო სიტყვების გამოყენების გამო, მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა, რის შემდეგაც სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

მანამდე კი, ალეკო ელისაშვილმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკაში ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული და მათ შორის მისი შეცდომა იყო, რომ პარლამენტში კონსტრუქციული ოპონირების კულტურის შექმნას ცდილობდა.

„რა კულტურა?! ვნანობ, ყოველდღე რომ არ ვურტყამდი მდინარაძე-პაპუაშვილს. ისე უნდა მელაპარაკა, როგორც იმსახურებდნენ. ვიცი, სადაც ვართ, გადაწყვეტილება მიღებულია იმდენად, რომ დღეს კობახიძემ შეახსენა მოსამართლეს: ელისაშვილი ტერორისტი კაციაო“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, მისი საქციელი იყო პროტესტი.

„შეფურთხება მინდოდა ამ ხელისუფლებისთვის, რომ ვერ დაგვჩაგრავენ. ვინც ქალაჩუნურად ფიქრობს, გადაახვიოს ნოემბერ-დეკემბრის აქციები, ნახონ და მერე გამამტყუნონ. მე თავს კი არ ვიქებ, პოლიტიკოსად არ დავბადებულვარ. მახრჩობდა ის ყველაფერი. არ გამომივიდა, ხმალი ქარქაშში გადამიტყდა. მშვენივრად ვარ იმ ციხეშიც, რადგან ვიცი, რისთვისაც ვზივარ – ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის. პირნათელი ვარ. ჩემი სახლიდან ოქროს ზოდები არ ამოუღიათ, არადა მქონდა შესაძლებლობა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი. პროკურატურამ 30 ნოემბერს მას თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 30 მარტს „2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე“ 323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა ბრალდება.

მსგავსი