ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებაში ბრალდებულ შვიდივე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებაში ბრალდებულ შვიდივე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ გაერთიანებასა და დახმარებაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვაში ბრალდებულ შვიდივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. ადვოკატები გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

წინასასამართლო სხდომა 10 ივლისს ჩაინიშნა.

ბრალდების განცხადებით, მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღეს ნივთმტკიცებები, მათ შორის ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები, რომლითაც დასტურდება, რომ ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთ გეგმავდნენ ტერორისტულ აქტივობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 17 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტრტერორისტულმა ცენტრმა მასშტაბური სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები დააკავა.