თერჯოლაში ნავენახევის მღვიმე ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით გაიხსნა
თერჯოლაში ნავენახევის მღვიმე ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანზიებით, თერჯოლაში ნავენახევის მღვიმე ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით გაიხსნა.

ადგილზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე. მღვიმეში დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა და მოეწყო ეკოტურისტული ბილიკი. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 980 000 ლარით იყო დაფინანსებული.

გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. მათ სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიმართეს და რეგიონში ეკო-ტურისტული ობიექტის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„რეგიონში დაცული ტერიტორიების დაარსებას და ეკოტურიზმის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, ვინაიდან ეკოტურიზმის განვითარებით მნიშვნელოვნად უმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ.

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4-დარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა.

იმერეთის მღვიმეები არამარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. პრომეთეს მღვიმეს მხოლოდ წელს, 175 000 ადამიანზე მეტი ესტუმრა.