ტერეზა მეიმ ბრიტანელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა, რომ ქვეყანას რუსეთის შეჭრისგან იცავენ
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ქვეყანას რუსეთის შეჭრისგან იცავენ. ტერეზა მეიმ ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს საშობაო გზავნილით მიმართა.
ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნის სამხედროები თავიანთი საქმიანობის გამო ამაყები უნდა იყვნენ ისე, როგორც მთელი ქვეყანა ამაყობს თავისი სამხედრო ძალებით.
„გადამწყვეტი როლი ითამაშეთ სოლსბერიში ნერვული აგენტით თავდასხმის შემდეგ, იცავთ ჩვენს წყლებსა და ცას რუსეთის შეჭრისგან, აძლიერებთ ჩვენს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპაში და ებრძვით ტერორიზმს გლობალური კოალიციის ფარგლებში“, – აღნიშნა ტერეზა მეიმ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ მნიშვნელოვანი მიღწევების პარალელურად, 2019 წელს ახალი გამოწვევები იქნება, თუმცა ბრიტანელი სამხედროები მათ სიმამაცით, მდგრადობითა და პროფესიონალიზმით უპასუხებენ.