ტერეზა მეი - სკრიპალების მკვლელობაში ეჭვმიტანილები რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები არიან
ტერეზა მეი - სკრიპალების მკვლელობაში ეჭვმიტანილები რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები არიან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი პირები რუსეთის სახელმწიფო სადაზვეროვო სამმართველოს თანამშრომლები არიან, – ამის შესახებ განცხადება ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთავრობამ შეიძლება განაცხადოს, რომ ეჭვმიტანილი მამაკაცები არიან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ ეჭვმიტანილები პირადი ინიციატივით ვერ იმოქმედებდნენ და მათი ნაბიჯები რუსეთის მთავრობის უმაღლეს პირებთან იყო შეთანხმებული.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთი ცდილობდა სკრიპალების მოწამვლა დაებრალებინა ტერორისტებითვის, დიდი ბრიტანეთის პარტნიორებისთვის და იულია სკრიპალის მომავალი დედამთილისთვისაც. „რუსები ამტკიცებდნენ, რომ „ნოვიჩოკი“ პირადად მე გამოვიგონე“, – ამბობს ტერეზა მეი.

ტერეზა მეი მიიჩნევს, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილების ექსტრადირების მოთხოვნა უპერსპექტივოა, თუმცა ლონდონი შეეცდება მათ დაკავებას, თუ ეს პირები რუსეთის ტერიტორიას დატოვებენ.

პარალელურად, ბრიტანეთის პოლიციამ ფარული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელშიც ეჭვმიტანილების გადაადგილება ჩანს. ასევე „სკოტლენდ იარდმა“ გააავრცელა იმ ფლაკონის სურათები, რომლითაც დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ნერვულ-პარალიტიკური შხამი „ნოვიჩოკი“ შეიტანეს.

შეგახსენებთ, სკრიპალების მოწამვლაში ბრიტანეთის პოლიციამ ეჭვმიტანილებად ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი დაასახელა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში „სკოტლენდ იარდის“ ინფორმაციას „მორიგი მანიპულაცია“ უწოდა. მარია ხაზაროვას თქმით, გასაჯაროვებული სახელები და ფოტოები „ვერაფერს ამტკიცებენ“.