ტერეზა მეი - რუსული აგრესია პატივს არ სცემს საზღვრებს
ტერეზა მეი - რუსული აგრესია პატივს არ სცემს საზღვრებს

რუსეთის მცდელობა, მოეწამლა სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, ევროპის და მისი მეზობლების მისამართით რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, – ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე გააკეთა.

„რუსეთმა განახორციელა თავხედური თავდასხმა დიდ ბრიტანეთზე, სცადეს სოლსბერის ქუჩებში ორი ადამიანის მოკვლა. მე ამის შესახებ მივაწოდებ ინფორმაციას ჩემს კოლეგებს, იმიტომ, რომ ნათელია, რუსული საფრთხე პატივს არ სცემს საზღვრებს. სოლსბერის ინციდენტი იყო მეზობლებისა და ევროპის მისამართით რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი მაგალითი“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.

ტერეზა მეის შეკითხვა მოსალოდნელ სანქციებზეც დაუსვეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.