ტერეზა მეი განსხვავებული პოზიციის პოლიტიკოსებს გაერთიანებისა და ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებისკენ მოუწოდებს
ტერეზა მეი განსხვავებული პოზიციის პოლიტიკოსებს გაერთიანებისა და ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებისკენ მოუწოდებს

ტერეზა მეი განსხვავებული პოზიციის მქონე პოლიტიკოსებს გაერთიანებისა და ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ განაცხადა, რაც საკუთარი კონსერვატიული პარტიის წევრი დეპუტატების მხრიდან უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა.

ტერეზა მეის თქმით, მის წინააღმდეგ კოლეგების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ მისცა ხმა, თუმცა როგორც მეი ამბობს, ახლა საჭიროა, ბრექსიტის პროცესის ბოლომდე მიყვანა და ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის შექმნა.

პრემიერის განცხადებით, ეს დღე მისთვის ხანგრძლივი და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, თუმცა დღის დასასრულს მოხარულია, რომ კოლეგების მხარდაჭერა მიიღო.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, კონსერვატიულ პარტიას ეკისრება ქვეყნის გაერთიანების პასუხისმგებლობა.

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა ტერეზა მეის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე უნდობლობის გამოცხადებას უყარეს კენჭი. კენჭისყრის შედეგად ტერეზა მეის ნდობა 200-მა კონსერვატორმა დეპუტატმა გამოუცხადა, მისთვის უნდობლობის გამოცხადებას კი 117-მა დაუჭირა მხარი.

თანაპარტიელი დეპუტატების მიერ უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, ტერეზა მეი პარტიის ლიდერის პოსტთან ერთად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც დაკარგავდა.