ტერეზა მეი - ევროკავშირთან ბრექსიტის პირობების 95% შეთანხმებულია
ტერეზა მეი - ევროკავშირთან ბრექსიტის პირობების 95% შეთანხმებულია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ ევროკავშირთან ბრექსიტის პირობების 95% შეთანხმებულია. ამის შესახებ ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირთან უთანხმოების მთავარ საკითხად კვლავ ირლანდიის საზღვრის რეგულირება რჩება.

ამასთან, მეი ამბობს, რომ მზად არის, ჩიხიდან გამოსასვლელად ნებისმიერი შესაძლო ვარიანტი განიხილოს. თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს როგორც „ერთი გაერთიანებული სამეფო“ და არ დაეთანხმება ბრიუსელის შეთავაზებას ბრექსიტის შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიის საბაჟო კავშირში დატოვების შესახებ.

ტერეზა მეი სადავო საკითხის დარეგულირების ვარიანტებად გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივებას ან დროებითი საბაჟო ტერიტორიის შექმნას განიხილავს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კატეგორიულად გამორიცხა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის შესახებ განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარება.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.